თეგი: პენიტენციური დაწესებულება

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა ი.ჩ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-ზე ფიზიკურად იძალადა. „ძალადობის შედეგად დაზარალებულმა თავის არეში მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, გარდაიცვალა. პროკურატურამ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკში მასტერკლასი ჩაატარა

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი №16 და №12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულთა შორის შიდა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიო ჩემპიონმა მსჯავრდებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. „შეხვედრას ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრები. პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით დაინერგა. პროექტის ფარგლებში, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სპორტულ განათლებას, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ტურნირებში და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით“,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.